ლოგიკები გაგრძელება
ჩვენ უკვე ვიცით რა არის ლოგიკური ელემენტები და ვისწავლეთ სამი ძირითადი ლოგიკა და მათი მუშაობის პრინციპი. ახლა კი უფრო მეტი უნდა გავიგოთ მათ შესახებ და გავეცნოთ შედგენილ ლოგიკებს.
შედგენილი ლოგიკური ელემენტებიდან ერთ-ერთია „და-არა“(NAND). იგი ორი ლოგიკის, „დას“ და „არას“ გაერთიანებაა. როგორც ვიცით „არა“ ლოგიკა ატრიალებს ლოგიკურ დონეს, შესაბამისად თუ მის შესავალზე შევაერთებთ „და“ ლოგიკის გამოსავალს მაშინ იგი შეატრიალებს მის შედეგს. აღნიშნული ლოგიკა შეგვიძლია მივიღოთ ცალ-ცალკე „დას“ და „არას“ გაერთიანებით, თუმცა იგი არსებობს ცალკე ლოგიკის სახით. რა თქმა უნდა არსებობს მისი ჭეშმარიტების ცხრილიც.
კიდევ ერთი შედგენილი ლოგიკაა „ან-არა“(NOR). ისიც „და-არა“ ლოგიკის მსგავსად ორი ლოგიკის გაერთიანებაა, ოღონდ ამჯერად გაერთიანებულია „ან“ ლოგიკა და „არა“ ლოგიკა. ამ შემთხვევაში „არა“ ლოგიკა ატრიალებს „ან“ ლოგიკის შედეგს.
ლოგიკური ელემენტების რიცხვს მიეკუთვნება „გამომრიცხავი ან“(XOR) ლოგიკა. მისი მუშაობის პრინციპის უკეთ გასაგებად გავიხსენოთ რას აკეთებდა „ან“ ლოგიკა. მის გამოსავალზე ლოგიკური ერთი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ მინიმუმ ერთ შესავალზე გვექნებოდა ლოგიკური ერთი. განვიხილოთ შემთხვევა როცა ერთ შესავალზე გვაქვს ლოგიკური ნული, ხოლო მეორეზე ლოგიკური ერთი, ამ შემთხვევაში გამოსავალზე გვექნება ლოგიკური ერთი, ასევე ლოგიკური ერთი გვექნება იმ შემთხვევაში თუ ორივე შესავალზე გვექნება ლოგიკური ერთიანი. „გამომრიცხავი ან“ ლოგიკის მუშაობის პრინციპი ოდნავ განსხვავდება „ან“ ლოგიკისგან. მის გამოსავალზე ლოგიკური ერთი გვექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ შესავალზე იქნება ლოგიკური ერთი, ორივე შესავალზე ერთიანის არსებობის შემთხვევაში კი გამოსავალზე ნულს მივიღებთ, ასევე ნული იქნება იმ შემთხვევაში თუ ორივე შესავალზე იქნება ნულიანი.
ბოლო ლოგიკური ელემენტია „გამომრიცხავი ან-არა“(XNOR). ისიც შედგენილი ლოგიკაა და წარმოადგენს „გამომრიცხავი ან“ და „არა“ ლოგიკების გაერთიანებას. ამ შემთხვევაშიც „არა“ ლოგიკა შეაბრუნებს „გამომრიცხავი ან-არას“ შედეგს.
