მთვლელი ჩიპი – 4017
დღევანდელ დღეს ხშირად იყენებენ სხვადასხვა ტიპის მთვლელებს. მაგალითად ბანკებში ფულის დასათვლელად, სხვადასხვა ფაბრიკა-ქარხნებში წარმოებული პროდუქტის დასათვლელად და ასე შემდეგ. დღეს განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე მარტივ მთვლელს, რომლის დასახელებაცაა 4017. იგი 40 ოჯახის მიკროჩიპების მე-17 წარმომადგენელია და შეუძლია ათამდე დაითვალოს. მაგრამ ისმის კითხვა, რას ითვლის აღნიშნული მიკროჩიპი? ის ითვლის პერიოდულ მართკუთხა იმპულსებს. ამ ყველაფრის უკეთ გასაგებად გავარჩიოთ მიკროჩიპის ფეხების დანიშნულება და მისი მუშაობის პრინციპი.
4017 მიკროჩიპს აქვს 16 ფეხი რომელთაგან ათი გამოსავალი ფეხია, თუმცა მათი თანმიმდევრობა არეულია. მაგალითად პირველი ფეხი არის მეექვსე გამოსავალი ფეხი. სიმარტივისთვის მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ რომელი ფეხი მერამდენე გამოსავალია.
მიკროჩიპის ფეხები | გამოსავალი ფეხები |
პირველი ფეხი | მეექვსე გამოსავალი ფეხი |
მეორე ფეხი | მეორე გამოსავალი ფეხი |
მესამე ფეხი | პირველი გამოსავალი ფეხი |
მეოთხე ფეხი | მესამე გამოსავალი ფეხი |
მეხუთე ფეხი | მეშვიდე გამოსავალი ფეხი |
მეექვსე ფეხი | მერვე გამოსავალი ფეხი |
მეშვიდე ფეხი | მეოთხე გამოსავალი ფეხი |
მეცხრე ფეხი | მეცხრე გამოსავალი ფეხი |
მეათე ფეხი | მეხუთე გამოსავალი ფეხი |
მეთერთმეტე ფეხი | მეათე გამოსავალი ფეხი |
განვიხილოთ დანარჩენი ფეხების დანიშნულება. მერვე ფეხი წარმოადგენს მინუს კვების ფეხს, იგი აუცილებლად უნდა დავუკავშიროთ ბატარიის მინუს პოლუსს, ხოლო მეთექვსმეტე ფეხი არის პლიუს კვების ფეხი, რასაც პლიუს პოლუსს ვუკავშირებთ. მეთოთხმეტე ფეხი არის Clock ფეხი, რომელიც განსაზღვრავს მიკროჩიპის მუშაობის პრინციპს. ამ ფეხზე ვაწვდით მართკუთხა იმპულსებს. პირველი იმპულსის დროს პირველ გამოსავალ ფეხზე გვაქვს ლოგიკური ერთი, ყველა დანარჩენ ფეხზე კი ლოგიკური ნული.
მეორე იმპულსის დროს ლოგიკური ერთი გვაქვს რიგით მეორე გამოსავალ ფეხზე, სხვა დანარჩენზე კი ლოგიკური ნული, ასე გრძელდება ათამდე. მეცამეტე ფეხი არის Latch enable ფეხი. როდესაც ამ ფეხზე გვაქვს ლოგიკური ნული მთვლელი მუშაობს ჩვეულებისამებრ მაგრამ თუ მივაწოდებთ ლოგიკურ ერთს მთვლელი შეწყვეტს დათვლას. მეთხუთმეტე ფეხი არის Reset ფეხი. თუ ამ ფეხზე გვექნება ლოგიკური ნული მაშინ მთვლელი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, ერთიანის შემთხვევაში კი თვლას იწყებს თავიდან.
იგი ერთგვარი რესტარტის ფეხია. მეთორმეტე ფეხი წარმოადგენს Carry out ფეხს. როდესაც მთვლელი ითვლის 0-დან 4-მდე მასზე გვაქვს ლოგიკური ნული, ხოლო 5-დან 9-მდე ლოგიკური ერთი. ამ ფეხის საშუალებით შეგვიძლია ერთი მთვლელი დავუკავშიროთ მეორეს და დავითვალოთ 100-მდე, სამი მთვლელით 1000-მდე და ასე შემდეგ.