სენსორები
სენსორი ინგლისური სიტყვაა და შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც „მგრძნობელი“. სენსორების რამდენიმე ვარიანტს უკვე გავეცანით. ესენია სინათლის სენსორი ანუ ფოტორეზისტორი და ტემპერატურის სენსორი იგივე თერმისტორი. ყველანაირი სენსორი იგივეა რაც ცვლადი წინაღობა, რომელიც გარკვეულ პირობებში იცვლის სიდიდეს. მაგალითად სინათლის სენსორის წინაღობა სინათლის მიხედვით იცვლება. სენსორების რაოდენობა საკმაოდ დიდია,სენსორები არსებობს წნევის, ტენიანობის, შეხების, მანძილის და ასე შემდეგ. გასაკვირია, მაგრამ მიკროფონიც ერთ-ერთი სენსორია, კერძოდ ხმის სენსორი.
განვიხილოთ რამდენიმე სენსორი. მაგალითად ტენიანობის სენსორი. ტენიანობა არის წყლის შემცველობა სხვადასხვა გარემოში. ტენიანობის სენსორი დამზადებულია ნივთიერებისგან, რომელიც გამტარობას სისველის მიხედვით იცვლის. წყალში მისი გამტარობა დიდია, შესაბამისად წინაღობა ნაკლები, ხოლო თუ იგი მშრალ გარემოში მოხვდება მისი წინაღობა გაიზრდება და გამტარობა შემცირდება.
თუმცა წინაღობების გარდა სენსორები შეიძლება შეგვხვდეს კონდენსატორებით. მაგალითად შეხების სენსორი ერთგვარი კონდენსატორია რომელიც შეხებით ცვლის კონდენსატორის ფირფიტებს შორის მანძილს, შედეგად იცვლება წრედში ძაბვაც. სწორედ ასე რეაგირებენ ტელეფონები ჩვენ შეხებაზე.
ასევე განსხვავებული პრინციპით მუშაობს მანძილის სენსორი. იგი შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ. პირველი ნაწილიდან იგი გამოსცემს ულტრაბგერებს, ბგერა გავრცელდება და თუ წინ შეხვდა დაბრკოლება, მაგალითად კედელი იგი აირეკლება და არეკლილ ბგერას იგრძნობს სენსორის მეორე ნაწილი. ხოლო ბგერის გამოცემიდან უკან დაბრუნებამდე გასული დროით შეგვიძლია მანძილის გამოთვლა. მსგავს სენსორს ულტრასონიკსაც ეძახიან. სენსორები უფროდაუფრო ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ცხოვრებაში, ტექნიკაში რობოტებში და მედიცინაშიც კი.