სერვო ძრავი
ელექტრონიკაში ხშირად იყენებენ სხვადასხვა ტიპის ელექტრულ ძრავებს, იქნება ეს DC ძრავა, ასინქრონული, ბიჯური თუ სერვო ძრავა. ელექტრომობილების, დრონების და სხვადასხვა ტიპის რობოტების გამართულად მუშაობაში ძრავებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. მოდით მიმოვიხილოთ სერვო ძრავი და გავიგოთ რას წარმოადგენს ის.
სერვო ძრავის აგებულებაში შედის მუდმივი დენის ძრავი და შიდა სქემა, სწორედ შიდა სქემა განსაზღვრავს სერვოს მუშაობის პრინციპს. აღნიშნული სქემის წყალობით შეგვიძლია დიდი სიზუსტით ვაკონტროლოთ ძრავის ბრუნვის მიმართულება, მობრუნების კუთხე და სიჩქარე. ამ ტიპის ძრავის სამართავად გამოყოფლია სამი ფეხი, რომელთაგან ორი მუდმივი დენის ძრავის კვების ფეხია, მესამე კი შიდა სქემის სამართავად გამოიყენება. სერვო ძრავის მართვა შესაძლებელია როგორც ანალოგური ასევე ციფრული სიგნალით, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რისგან შედგება შიდა სქემა. ციფრული სიგნალით სამართავად საჭიროა ძრავს მივაწოდოთ პერიოდული მართკუთხა იმპულსები, ანუ ლოგიკური ნულისა და ერთის კომბინაცია. როგორც წესი სერვო ძრავებს გამოყოფენ იმის მიხედვით, თუ რა მაქსიმალური გრადუსით შეუძლია მობრუნება. მაგალითად არსებობს 90 გრადუსიანი სერვო ძრავი, რომელიც მხოლოდ 90 გრადუსიანი კუთხით ტრიალებს წინა და უკუ მიმართულებით. ასევე არსებობს 180 და 360 გრადუსიანი სერვო ძრავები.
სერვო ძრავებს დიდი გამოყენება აქვთ თანამედროვე რობოტექნიკაში. მაგალითისთვის მას იყენებენ რობოტის ხელის თითებისა თუ თავის სამართავად, გარდა ამისა მისი საშუალებით შეგვიძლია ვმართოთ სუპერმარკეტის კარი, რომელიც ავტომატურად იღება და იკეტება. ასევე მისი მართვა შეგვიძლია პროგრამულად სხვადასხვა მიკროკონტროლერისა თუ მიკროპროცესორის საშუალებით.