რა არის Arduino ?
ელექტრონიკა წარმოუდგენელია მიკროჩიპების გარეშე. თითოეულ მიკროჩიპს თავისი კონკრეტული ფუნქცია-დანიშნულება აქვს. ერთ მიკროჩიპს მეორეს ნაცვლად ვერ გამოიყენებ. რაიმე რთული პროექტის შექმნა საჭიროებს მრავალი მიკროჩიპის და სხვა კომპონენტის გამოყენებას. რაც ართულებს სქემის აწყობას და გამართულად მუშაობას. რადგან ესა თუ ის კომპონენტი წრედზე სხვადასხვა გავლენას ახდენს. დღევანდელ დღეს ყველა ცდილობს მიაღწიოს მაქსიმალურ სიმარტივეს და პროექტი მინიმალური ძალისხმევით, ზედმეტი კომპონენტების გამოყენების გარეშე ააწყოს. მაგრამ როგორ უნდა შევძლოთ ეს? ამისთვის არსებობს სხვადასხვა მიკროკონტროლერი, გავიგოთ რა არის ის და რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ.
თავდაპირველად გავიგოთ რა არის მიკროკონტროლერი. როგორც დასახელებიდან ჩანს იგი გამოიყენება რაღაცის გასაკონტროლებლად. მარტივად რომ ვთქვათ მიკროკონტროლერი წარმოადგენს მცირე ზომის კომპიუტერს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ სხვადასხვა სენსორი, მონიტორი და მრავალი სხვა კომპონენტი.
იმისთვის რომ მიკროკონტროლერთან მუშაობა მარტივი ყოფილიყო კომპანია Arduino-მ შექმნა დაფა რომელზეც დატანილია მიკროკონტროლერი და მასთან ადვილად სამუშაო ყველა კომპონენტი, აღნიშნული მიკროკონტროლერის სახელია ATMEGA. არდუინო გვაძლევს საშუალებას ვირტუალურად შექმნილი კოდის ფუნქცია ვაქციოთ რიალურად და ადამინისთვის ხელშესახები გავხადოთ, იგი შეგვიძლია ვმართოთ პროგრამული კოდით და მისი საშუალებით ვაკონტროლოთ ნებისმიერი ელექტრული კომპონენტი. ატმეგადან გამოყვანილია შესავალ-გამოსავალი, ციფრული და ანალოგური პინები, არდუინოს დაფაზე ასევე შეგვხვდება USB პორტი და გარე კვების პორტი.
არდუინო იდეალური საშუალებაა პროტოტიპირებისა და სასწავლო მიზნებისთვის, არდუინო საშუალებას გვაძლევს გავიადვილოთ საქმე სხვადასხვა პროექტზე მუშაობისას. მისი საშუალებით შეგვიძლია ადვილად ვმართოთ სხვადასხვა ტიპის სენსორი, მოდული თუ უბრალოდ რომელიმე ელექტრული კომპონენტი, დავამყაროთ ბლუთუზ, WI-FI თუ GSM კავშირი, შევქმნათ უამრავი ჭკვიანი მოწყობილობა და ვმართოთ ჩვენი სურვილისამებრ.
არდუინოს დასაპროგრამებლად საჭიროა გადმოვწეროთ საპროგრამო გარემო. (Arduino IDE) იგი შეგვიძლია დავაპროგრამოთ C++ ენაზე. აღნიშნულ გარემოს მოყვება არაერთი ბიბლიოთეკა და კოდის მაგალითი (examples). თუმცა შესაძლოა დაგვჭირდეს რაიმე ბიბლიოთეკის დამატება, რაც მრავლადაა ინტერნეტში.
არდუინოს ოჯახი საკმაოდ მრავალფეროვანია და არაერთი დაფისგან შედგება. თითოეული დაფა განსხვავდება პინების რაოდენობით, ფიზიკური ზომებით, მიკროკონტროლერის ტიპით თუ მუშაობის პარამეტრით, ამიტომ საჭიროა სწორად შევარჩიოთ ჩვენთვის საჭირო დაფა. დამწყებებისთვის საუკეთესო არდუინოს დაფა არის Arduino uno რომელიც ყველაზე ახლოსაა სხვა დაფების მუშაობის პრინციპსა და არქიტექტურასთან.