ფოტოწინაღობა / Photoresistor
ჩვენ უკვე გავიცანით ელექტრული კომპონენტი – წინაღობა და გავიგეთ მისი დანიშნულება ელექტრონიკაში. აგრეთვე ვისაუბრეთ წინაღობის იმ კატეგორიაზე რასაც ცვლადი წინაღობა ჰქვია. იგი ,სახელიდან გამომდინარე, იცვლიდა წინაღობის მნიშვნელობას ხელით მობრუნების შედეგად. ახლა კი უნდა გავიცნოთ სხვა სახის ცვლადი წინაღობა, რომლსაც „ფოტორეზისტორი“ ჰქვია. „ფოტო“ ბერძნული სიტყვაა და ქართულად სინათლეს ნიშნავს. როგორც სახელიდან ვხვდებით, ფოტორეზისტორი არის ისეთი წინაღობა, რომელიც საკუთარ მნიშვნელობას მასზე მოხვედრილი სინათლის მიხედვით იცვლის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: ფოტორეზისტორის წინაღობა სინათლის დროს იკლებს, ხოლო სიბნელეში მატულობს.
ფოტორეზისტორს საკმაოდ დიდი გამოყენება აქვს ელექტრონიკაში. მისი გამოყენებით მზადდება სინათლისა და სიბნელის სენსორები. მათი მოხმარება კი ენერგოეფექტურობას აუმჯობესებს.მაგალითად, სიბნელის სენსორის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია განათება ვარეგულიროთ სხვადასხვა ადგილებში და ელექტროენერგია მხოლოდ სიბნელის დროს გამოვიყენოთ და დავზოგოთ იგი.
ფოტორეზისტორის დახმარებით შეგვიძლია სხვადასხვა სახის ინტელექტისა და უნარის მქონე რობოტი შევქმნათ. ერთ-ერთი მარტივი მაგალითია რობოტი, რომელიც სინათლეს დაჰყვება ან თუნდაც გაურბის მას. ასეთი პრინციპი აქტიურადაა დანერგილი მზის პანელების მწარმოებელ კომპანიებში. ისინი აწყობენ მექანიზმს ფოტორეზისტორებით , რომელიც ხვდება თუ სად არის მეტი რაოდენობით სინათლე და მზის პანელს მისკენ აბრუნებს. ეს პროცესი კი მზის პანელების ენერგოეფექტურობას საკმაოდ ზრდის.
ავტორი: ბაჩანა ბერიძე